ჩვენ შესახებ
„აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება" დაფუძნდა 2019 წლის 25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე. იგი ატარებს ცნობილი მეცნიერის, ექიმისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელს. თავდაპირველად საზოგადოება იწოდებოდა, როგორც „სტუდენტთა სამეცნიერო საბჭო" და მისი პირველი პრეზიდენტი გახლდათ - თამარ ნემსაძე. „სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს" რეორგანიზაციის შედეგად მას შეეცვალა სახელწოდება და მიენიჭა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელი. 2019 წლის 25 ივნისიდან საზოგადოების არჩეული პრეზიდენტია გიორგი გაგუა. ამ ხნის განმავლობაში, აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მნიშვნელოვნად განვითარდა, ჩატარდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გამორჩეული იყო მასშტაბითა და მნიშვნელობით.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა “I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში“, რომელიც მიეძღვნა აკად. ივანე ბერიტაშვილის 135 წლისა და მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დიმიტრი კორძაიასა და აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის გიორგი გაგუას ჩართულობით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტს შორის, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სამედიცინო პრაქტიკის მიღებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნა ინტერნაციონალიზაციის ბორდი, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი იყო.

დეპარტამენტები
საზოგადოება მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, ეს მიმართულებებია: საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტი, სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. ამასთან, საზოგადოება წარმოდგენილია შემდეგი სამსახურებით, ესენია: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, კადრების სამსახური, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განვითარების სამსახური, ხარისხის უზრუნველყოფის, დოქტორანტურის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური. საზოგადოებას ჰყავს გენერალური მდივანი და გამგეობა. რაც მთავარია და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი „აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას“ ჰყავს ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერ-კონსულტანტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების განვითარებაში.